ჩვენ შესახებ |
„საქართველოს ევროპული ორბიტა" ინოვაციური პლატფორმაა, რომელსაც აქვს ამბიცია ბიძგი მისცეს საქართველოს მომავლის ხედვას, დააკავშიროს ერთმანეთთან ინტელექტუალური და შემოქმედებითი მოაზროვნეები და პრაქტიკოსები, ჩართოს სანდო და ავტორიტეტული გავლენიანი ქართველები ქვეყნის მომავლის შესახებ დისკუსიაში.
ჩვენი მისიაა შევქმნათ ხედვები, იდეები, ცოდნა და ქმედებები საქართველოს მომავლისთვის.
ა(ა)იპ „საქართველოს ევროპული ორბიტა" დაფუძნდა 2023 წლის 10 მაისს. შექმნიდან ექვსი თვის განმავლობაში ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სივრცეში და ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი მთავარი ხმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდასაჭერად. ჩვენი პირველი პროექტი – „საქართველოს ევროპული ხმა" – აერთიანებდა საქართველოს ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს ყველაზე გავლენიან წარმომადგენლებს კამპანიის გარშემო, რომელიც ემსახურებოდა ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატურას მხარდაჭერას. ასევე, ჩვენ შევაგროვეთ საქართველოს მოქალაქეთა გზავნილები ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი ქვეყნის მასშტაბით და გზავნილების წიგნი მოგვიანებით ბრიუსელს გადაეცა, როგორც საქართველოს ევროპული ხმის სიმბოლური დასტური.
2024 წელს „საქართველოს ევროპული ორბიტა" იყო არჩევნების სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმის" წევრი, რომელიც დაახლოებით 30 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებდა და რომელიც წარმოადგენდა ამ მასშტაბის პირველ კოორდინირებული სამოქალაქო დაკვირვებას. „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ" მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კოალიციის საქმიანობაში მეთოდოლოგიური ჩარჩოს შემუშავებით, დამკვირვებელთა მომზადებით, მონაცემთა შეგროვებით და არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევების დოკუმენტირებით.
დღეს „საქართველოს ევროპული ორბიტა" კონცენტრირებულია ადამიანის უფლებების დარღვევების, პროდემოკრატიული მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისა და ძალადობრივი მოქმედებების დოკუმენტირებაზე საქართველოში. ჩვენ გამოვაქვეყნეთ რამდენიმე ანგარიში, სადაც შეფასებულია ხელისუფლების მიერ პროდემოკრატიული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა; დავაფიქსირეთ ძალადობის ინდივიდუალური შემთხვევები, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობა; შევისწავლეთ სინდისის პატიმართა წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და შევქმენით შესაბამისი მონაცემთა ბაზები, რომლებიც ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე.
| პროექტი | დონორი | თანხა | ხანგრძლივობა |
|---|---|---|---|
| ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვა საქართველოში | სამოქალაქო საზოგადოების ფონდი | 16,178 USD | 15.04.2025 - 30.05.2025 |
| ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვა საქართველოში | გაეროს განვითარების პროგრამა | 79,982 GEL | 15.04.2025 - 30.05.2025 |
| „ჩემი ხმა’’ - სადამკვირვებლო მისიის ლოჯისტიკური მხარდაჭერა | სამოქალაქო საზოგადოების ფონდი | 153,002 USD | 04.10.2024 - 04.05.2025 |
| საქართველოში ინკლუზიური სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა | USAID / გაეროს ასოციაცია საქართველოში | 64,149 USD | 01.07.2024 - 24.01.2025 |
| საქართველოს მომავლის ხედვა | ევროპული ფონდი დემოკრატიისათვის | 71,926 EUR | 01.03.2024 - 01.03.2025 |
| საქართველოს ევროპული ხმა | საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი | 20,000 USD | 10.08.2023 - 10.12.2023 |